დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელიდან მიმავალ კიდევ ერთ ხომალდზე, რომელსაც აშშ-ის მიმართულებით ნარკოტიკი გადაჰქონდა, იერიში მიიტანა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელიდან მიმავალ კიდევ ერთ ხომალდზე მიიტანა იერიში,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს.
ტრამპის ინფორმაციით, იერიში მიტანილი იქნა გემზე, რომელსაც ვენესუელიდან ამერიკის მიმართულებით ნარკოტიკი გადაჰქონდა. ტრამპი ასევე აღნიშნავს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალებმა თავდასხმა მისი ბრძანების საფუძველზე განახორციელეს.
თავდასხმის შედეგად გემზე მყოფი სამი ადამიანი დაიღუპა.
„თავდასხმა განხორციელდა მაშინ, როდესაც, დადასტურებული ინფორმაციით, ნარკოტერორისტები ვენესუელიდან საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდნენ და აშშ-ის მიმართულებით არალეგალური ნარკოტიკი გადაჰქონდათ. დარტყმის შედეგად სამი ტერორისტია მოკლული“, – წერს ტრამპი.
ამერიკის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ ნარკოტიკი, რომელიც გემით გადაჰქონდათ, საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას და აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესებს.
შეგახსენებთ, აშშ-მა 3 სექტემბერსაც მიიტანა იერიში კარიბის ზღვაში, ვენესუელიდან მომავალ ხომალდზე. ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ გემი ნარკოტიკის უკანონო ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა. იერიშს 11 ადამიანი ემსხვერპლა.