დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საუდის არაბეთის განმარტება ჯამალ ხაშოგის სიკვდილის გარემოებებზე, სარწმუნოა
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ  საუდის არაბეთის განმარტება ჯამალ ხაშოგის სიკვდილის გარემოებებზე, სარწმუნოა

დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის განცხადებას გამოეხმაურა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საუდის არაბეთის განმარტება ჟურნალისტის სიკვდილის გარემოებებთან დაკავშირებით სარწმუნოა. ამასთან ერთად, თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ საუდის არაბეთის აღიარება „კარგი პირველი ნაბიჯია“.

დონალდ ტრამპის თქმით, საუდის არაბეთის მაღალჩინოსნებთან საუბარი მომავალშიც გაგრძელდება. პრეზიდენტის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა არსებობს.

საუდის არაბეთის სახელმწიფო ტელევიზიამ ცოტა ხნის წინ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა დაადასტურა. სახელმწიფო ტელევიზიაში განაცხადეს, რომ ჟურნალისტი ნამდვილად სტამბოლში, საკონსულოში „ჩხუბის შედეგად“ გარდაიცვალა.

ჯამალ ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.
თურქეთის ხელისუფლება პასუხისმგებლობას საუდის არაბეთს აკისრებს და ამტკიცებს, რომ ხაშოგის სხეული მკვლელობის შემდეგ დაანაწევრეს.
ოფიციალური ანკარას ცნობით, ამის დამადასტურებელი ჩანაწერიც არსებობს.