დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საარჩევნო ბიულეტენის გაყალბების შემთხვევები თუ დაფიქსირდება, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საარჩევნო ბიულეტენის გაყალბების შემთხვევები თუ დაფიქსირდება, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა „დემოკრატ“ ოპონენტ ჯო ბაიდენთან პირველი სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა.
საპრეზიდენტო დებატებისას მოდერატორმა, კრის უოლასმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, თანახმა არის თუ არა, არ გამოაცხადოს გამარჯვება, ვიდრე არჩევნების შედეგები დამოუკიდებლად არ იქნება შეფასებული.
„მე მოვუწოდებ მხარდამჭერებს, რომ წავიდნენ ხმის მისაცემად და ყურადღებით იყონ. თუ ეს სამართლიანი არჩევნები იქნება, მე ამას 100 პროცენტით დავუჭერ მხარს, თუმცა, თუ ვნახავ, რომ ათიათასობით ბიულეტენი გაყალბებულია, ამას ვერ დავუშვებ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ბიულეტენებით ხმის მიცემა შესაძლოა, ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი თაღლითობა აღმოჩნდეს.
საპასუხოდ ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპი მხოლოდ ამომრჩევლების დაშინებას ცდილობს. დემოკრატიულმა კანდიდატმა ამომრჩევლებს ხმის მიცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ სწორედ ისინი წყვეტენ არჩევნების ბედს.