დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება დაიწყო
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მან რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზება დაიწყო. ამის შესახებ დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„მქონდა ძალიან კარგი შეხვედრა გამორჩეულ სტუმრებთან: უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან, ფინეთის პრეზიდენტთან, ალექსანდრ სტუბთან, იტალიის პრემიერ-მინისტრთან, ჯორჯია მელონისთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერთან, ფრიდრიხ მერცთან, ევროპული კომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან თეთრ სახლში, რომელიც დასრულდა შემდგომი შეხვედრით ოვალურ ოფისში. შეხვედრის დროს განვიხილეთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, რომლებსაც უზრუნველყოფს სხვადასხვა ევროპული ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატების კოორდინაციით. ყველა ძალიან ბედნიერია რუსეთ-უკრაინისთვის მშვიდობის შესაძლებლობით. შეხვედრების დასასრულს დავურეკე პრეზიდენტ პუტინს და დავიწყე შეხვედრის მოწყობა შესათანხმებელ ადგილას პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის. ამ შეხვედრის შემდეგ გვექნება სამხრივი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მივიღებთ ორი პრეზიდენტი და მე“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ახლა უკრაინასა და რუსეთთან კოორდინირებენ.