დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის, შეამციროს ჩინეთისთვის საბაჟო გადასახადები, რათა „ტიკტოკის“ მფლობელ კომპანიასთან აპლიკაციის გაყიდვაზე გარიგებას მიაღწიოს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის, შეამციროს ჩინეთისთვის საბაჟო გადასახადები, რათა „ტიკტოკის“ მფლობელ კომპანიასთან აპლიკაციის გაყიდვაზე გარიგებას მიაღწიოს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მზად არის, შეამციროს საბაჟო გადასახადები ჩინეთისთვის, რათა მიაღწიოს გარიგებას „ტიკტოკის“ მფლობელ კომპანიასთან აპლიკაციის გაყიდვაზე.

„შესაძლოა, მე მცირედ შევამცირო ტარიფები ან სხვა რაიმე გზით დავეხმარო მათ“, – აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ წერს, ByteDance-ს ვადა 5 აპრილამდე აქვს, რათა იპოვოს აშშ-ში დარეგისტრირებული კომპანია, რომელიც „ტიკტოკს“ შეიძენს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია დაიბლოკება ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით.

ტრამპის თქმით, ის მზად არის, გაახანგრძლივოს ვადა, თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ. იანვარში, ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, „ტიკტოკ“ აპლიკაცია აშშ-ში უნდა შეზღუდულიყო ეროვნული უსაფრთხოების მიზეზით, ტრამპმა კი აკრძალვა 75 დღით გადადო.