დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესია მიღწეული
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხზე მოლაპარაკებებში კარგი პროგრესია მიღწეული. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიის შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა.
„ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ამ საკითხზე. ჩვენ ვმუშაობთ სომხეთთან, ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს სომხეთთან. იქ ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, ძალიან ერთგული, შესანიშნავი ხალხია. ვნახოთ, რა მოხდება“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეკითხვაზე, ესაუბრა თუ არა აშშ-ის პრეზიდენტი სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მას ამის თქმა არ სურს.
„ვნახოთ, რა მოხდება. ვფიქრობ, ნამდვილად კარგი პროგრესია მიღწეული ამასთან დაკავშირებით. ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც წარმოშობით სომხეთიდანაა. ისინი ძალიან კარგი ადამიანები არიან და ჩვენ მათ დავეხმარებით“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.