დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას ის იმსახურებს და არა ეთიოპიის პრემიერი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნობელის პრემიას იმსახურებს. ამის შესახებ მან ოჰაიოში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლები მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, მან ქვეყანა გადაარჩინა, ნობელის პრემია კი მის ლიდერს გადასცეს. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, თავის გამოსვლაში დონალდ ტრამპმა ეთიოპიის პრემიერ-მინისტრი აბი აჰმედი იგულისხმა, რომელიც მშვიდობის დარგში 2019 წლის ნობელის პრემიის ლაურეატად დასახელდა.
„ახლა მოგიყვებით მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის შესახებ. მე დავდე შეთანხმება, მე გადავარჩინე ქვეყანა და ახლა ვიგებ, რომ ამ ქვეყნის ლიდერი იღებს მშვიდობის ნობელის პრემიას ამ ქვეყნის გადარჩენისთვის. მე ვთქვი: „რა, მე აქ არაფერ შუაში ვარ? თუმცა, თქვენ იცით, ასე ხდება ეს. თუმცა, ჩვენ ხომ ვიცით და ეს მთავარია. მე თავიდან ავიცილე დიდი ომი, რამდენიმე ომი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
43 წლის აბი აჰმედი აფრიკაში მთავრობის ყველაზე ახალგაზრდა მეთაურია. ის ხელისუფლებაში 2018 წლის აპრილში მოვიდა მას შემდეგ, რაც მასობრივმა ანტისამთავრობო გამოსვლებმა მის წინამორბედს გადადგომა აიძულა. მან ეთიოპიაში დემოკრატიული რეფორმები დაიწყო. ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა ათასობით დაპატიმრებული ოპოზიციონერი გაათავისუფლა და დისიდენტებს სამშობლოში დაბრუნების საშუალება მისცა.
როგორც „ბიბისი“ წერს, აჰმედის პრემიერობისას ეთიოპიის მედიას თავისუფლად მუშაობის საშუალება მიეცა, ქალები კი მაღალ თანამდებობებზე დაინიშნენ. ნობელის პრემიის კომიტეტის განცხადებით, ეთიოპიის პრემიერ-მინისტრმა საპატიო ჯილდო მეზობელ ეთიოპიასთან სასაზღვრო კონფლიქტის გადაჭრის ინიციატივისთვის მიიღო. „ბიბისი“ წერს, რომ ეთიოპიასა და ერითრეას შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში აშშ-ის როლი მინიმალური იყო.