დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ კვირას, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრას გამართავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მომავალ კვირას, სავარაუდოდ, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინსა და ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან გამართავს შეხვედრას.
ტრამპი ჩინეთში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერთა სამიტზე მიიღებს მონაწილეობას.
„მე ჩინეთში მივდივარ, სი ძინპინი ახლახან წავიდა. ერთ-ერთი შეხვედრა, ვფიქრობ, პრეზიდენტ პუტინთან და პრეზიდენტ სისთან იქნება. ეს საინტერესო იქნება. ბევრ საკითხზე ვისაუბრებთ, მათ შორის ბირთვული განიარაღების თემაზეც“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მისივე თქმით, მხარეები ირანის ომის დასრულებასაც შეეცდებიან.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინასა და რუსეთთან დაკავშირებით „ძალიან კარგი მოლაპარაკებები“ გაიმართა. მისივე თქმით, აბუ დაბში შეხვედრა კვირას დაიწყო, თუმცა ძირითადი მოლაპარაკებები დღეს და ხვალ გაიმართება.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ, რომ ეს რუსეთ-უკრაინის კოშმარი დასრულდეს, რომელშიც ამდენი ადამიანი იღუპება“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპს ჟურნალისტმა ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებაზეც ჰკითხა, რომელშიც ვენსმა ირანის ომთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
„ბევრს არ მოეწონა მისი კომენტარები, მაგრამ მე – არა. მართალი იყო. გარდა ერთი რამისა – მას კიდევ ერთი განცხადება უნდა გაეკეთებინა, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია: ყველაფრის თავიდან გაკეთება რომ დაგვჭირვებოდა, ხელახლა გააკეთებდი თუ არა? პასუხი არის – დიახ“, – უპასუხა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისრაელში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ისრაელის ოპოზიციის ლიდერს, გადი ეიზენკოტსა და მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, თუმცა ორივეს ძალიან მსგავსი პოზიციები აქვს.
ტრამპის თქმით, ეიზენკოტმა მის შესახებ „ძალიან კარგი სიტყვები“ თქვა.
„ამბობს, რომ ტრამპი უყვარს, მაგრამ არ ვიცი. არ მინახავს, რა ხდება. ეს, რა თქმა უნდა, შეჯიბრია მასა და ბიბი ნეთანიაჰუს შორის. ვნახოთ, რა მოხდება. მათ ძალიან მსგავსი შეხედულებები აქვთ. ორივე მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რასაც მე ვაკეთებ“, – განაცხადა ტრამპმა.