დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მოძრაობა „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს.
„ვულოცავ ეროვნულ გვარდიას. მათ შესანიშნავად იმუშავეს მინეაპოლისსა და მინესოტაში ჩასვლისთანავე გასულ ღამეს. ანარქისტების მიერ მართული „ანტიფა“ სწრაფად შევაჩერეთ. ეს ყველაფერი პირველივე ღამეს მერს უნდა გაეკეთებინა და პრობლემა არ შეიქმნებოდა. ამერიკის შეერთებული შტატები „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადებს“, – წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.
მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.