დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მინესოტაში საპროტესტო აქციების ჩასახშობად „ამბოხების აქტის“ გამოყენებას ამ ეტაპზე არ გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მინესოტაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ჩასახშობად „ამბოხების აქტის“ გამოყენებას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
„თუ დამჭირდებოდა, გამოვიყენებდი ამ აქტს. ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ. ეს ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს თეთრი სახლიდან გამგზავრებისას.
როგორც „ბიბისი“ წერს, ეს აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან პოზიციის ცვლილებაა.
მანამდე ტრამპი აღნიშნული კანონის გამოყენებით დაიმუქრა და სოციალურ ქსელში დაწერა: „თუ/და როდესაც იძულებული ვიქნები, ვიმოქმედო, ეს საკითხი გადაწყდება სწრაფად და ეფექტურად“.
ამასთან, ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა.
„მინესოტაში არეულობის გამომწვევები, აგიტატორები და მეამბოხეები ხშირ შემთხვევაში მაღალანაზღაურებადი პროფესიონალები არიან“, – დაწერა ტრამპი.
„ამბოხების აქტი“ არის აშშ-ში 1807 წელს მიღებული კანონი, რომელიც პრეზიდენტს აძლევს უფლებას, ქვეყნის შიგნით გამოიყენოს ფედერალური სამხედრო ძალები, თუ შტატში ხელისუფლება ვერ აკონტროლებს მასობრივ არეულობას, ძალადობას ან ამბოხებას.
ცნობისთვის, მინეაპოლისში საპროტესტო აქციები მას შემდეგ არ წყდება, რაც 7 იანვარს ჩატარებული ოპერაციის დროს საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის (ICE) აგენტმა ავტომობილში მყოფ ქალს ესროლა და მოკლა.