დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკა 2 აპრილამდე თავისუფლდება იმ საქონელზე ტარიფების გადახდისგან, რომელსაც აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის სავაჭრო შეთანხმება მოიცავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მექსიკა 2 აპრილამდე თავისუფლდება იმ საქონელზე ტარიფების გადახდისგან, რომელსაც აშშ-ს, მექსიკასა და კანადას შორის სავაჭრო შეთანხმება მოიცავს.
„მექსიკის პრეზიდენტთან, კლაუდია შეინბაუმთან საუბრის შემდეგ, დავთანხმდი, რომ მექსიკა არ იქნება ვალდებული, გადაიხადოს ტარიფები იმ საქონელზე, რომელსაც აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმება მოიცავს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ამასთან, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მას კარგი ურთიერთობა აქვს მექსიკის პრეზიდენტთან და ერთად მუშაობენ შეერთებულ შტატებში მიგრანტების არალეგალურად შესვლის შეჩერებაზე, ასევე „ფენტანილის“ გავრცელების წინააღმდეგ.
თავის მხრივ, მექსიკის პრეზიდენტმა, კლაუდია შეინბაუმმა ტრამპთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ მათ შესანიშნავი დიალოგი ჰქონდათ.
„შევთანხმდით, რომ ჩვენმა მუშაობამ და თანამშრომლობამ უპრეცედენტო შედეგები მოიტანა ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემის ფარგლებში“, – წერს შეინბაუმი.
ჯერჯერობით ტრამპს არ დაუზუსტებია, ვრცელდება თუ არა მსგავსი შეღავათი კანადაზეც. აშშ-მექსიკა-კანადის შეთანხმება წარმოადგენს სამ ქვეყანას შორის სავაჭრო პაქტს, რომელიც დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ამოქმედდა. მისი გადახედვა ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს.