დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ლიბანში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება
ლიბანში მიმდინარე საომარი მოქმედებების დასრულების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ იყო „ჰეზბოლას“ მხრიდან კომუნიკაციაც.
„ჰეზბოლამ“ დაგვირეკა და გვითხრა: რა აზრის ხართ ცეცხლის შეწყვეტაზე?“ – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ისაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ასევე „ჰეზბოლას“ წარმომადგენლებთან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ კონფლიქტი ირანთან არის დაკავშირებული. მისი თქმით, მხარეები ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ მიმდინარე მოლაპარაკებების მდგომარეობის შესახებ.
„ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ლიბანში მშვიდობა დამყარდებოდა. ლიბანი წლების განმავლობაში მუდმივი თავდასხმის ქვეშ იყო, ყოველთვის თითქოს სუსტ მხარეს წარმოადგენდა. ძალიან კარგი იქნებოდა, თუ ეს დასრულდებოდა”, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, ირანთან დაკავშირებით საუბრისას ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში მზადაა ირანის ახალ სულიერ ლიდერთან შეხვედრისთვის.
„მე არ მინდა შეხვედრა. მაგრამ თუ შეხვედრა შედგებოდა, ჩემთვის პატივი იქნებოდა მასთან შეხვედრა. მინდა, ვნახო, შეგვიძლია თუ არა შეთანხმების მიღწევა, მაგრამ თუ შეთანხმებას მივაღწევთ, შესაძლებელია, რომ მას შევხვდე. ამის წინააღმდეგი არ ვიქნები”, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპის თქმით, არ არის დარწმუნებული, უმასპინძლებს თუ არა სულიერ ლიდერს აშშ-ში, მაგრამ აღნიშნა, რომ „პატივისცემით მოეპყრობა“.
„ვიტყოდი, რომ მე მისი საყვარელი ადამიანი არ ვარ. თუმცა, ამის მიუხედავად, ის ალბათ პროფესიონალია. სინამდვილეში, მას ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს“,- განაცხადა ტრამპმა.