დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კოვიდინფექციის მკურნალობისას, ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი „სუპერმენად“ იგრძნო
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კოვიდინფექციის მკურნალობისას, ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი „სუპერმენად“ იგრძნო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსის ინფექციის მკურნალობისას, ერთ-ერთი პრეპარატის მიღების შემდეგ თავი „სუპერმენად“ იგრძნო. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ში მალე იქნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც და სამკურნალო პრეპარატიც.

„ჩვენ მალე გვექნება ვაქცინა, მკურნალობა და გულწრფელად რომ გითხრათ, სამკურნალო პრეპარატი. ერთადერთი რაც ვიცი, რომ მე მივიღე რაღაც, წარმოდგენა არ მაქვს რა და ძალიან სწრაფად ვიგრძენი თავი კარგად. არ ვიცი, რა იყო ეს, ანტისხეულები, არ ვიცი. მივიღე ის და ვთქვი, რომ თავს ვგრძნობდი როგორც სუპერმენი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ის აშშ-ის პრეზიდენტია და ვერ იჯდებოდა თავშესაფარში, რადგან უნდა შეხვდეს ხალხს.

„უნდა გავიდე, უნდა შევხვდე ხალხს, უნდა ვნახო ადამიანები. ვიცი, რომ ამის გაკეთება სარისკოა, თუმცა უნდა გააკეთო ის, რაც გასაკეთებელია. მე პრეზიდენტი ვარ და ვერ ვიჯდები სარდაფში და ვერ დაველოდები, როდის დასრულდება ეს ყველაფერი. ამის გაკეთებას არ ვაპირებ. ახლა კი იმუნიტეტი მაქვს. მეუბნებიან, რომ იმუნიტეტი მაქვს. შემიძლია, ჩამოვიდე და ყველას ვაკოცო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ექიმის განცხადებით, დონალდ ტრამპმა კორონავირუსის მკურნალობისას ექსპერიმენტული ანტისხეულების კოქტეილი მიიღო.