დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი მუშაობას გააგრძელებს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი მუშაობას გააგრძელებს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი მუშაობას გააგრძელებს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მე შევიტყვე, რომ ოპერატიული შტაბი ძალიან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ხალხმა თქვა, რომ მან მუშაობა უნდა გააგრძელოს. ასე რომ, ასეც იქნება. ჩვენ ამ შტაბში რამდენიმე ადამიანს დავამატებთ კიდეც“, – განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ორი-სამი ახალი წევრის ვინაობა ორშაბათს გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბს ხელმძღვანელობს ვიცეპრეზიდნეტი მაიკ პენსი. შტაბის წევრებს შორის არის აშშ-ის მთავარი ეპიდემიოლოგი ენტონი ფაუჩი.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს ხანში კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი მუშაობას შეწყვეტს.