დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ფლობს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, გავრცელებული ცნობებით, კიმ ჩენ ინის მდგომარეობა სერიოზულია, თუმცა იქვე ტრამპმა აღნიშნა, რომ „სიენენის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ნაკლებად ენდობა. ამასთანავე, დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს კარგად ყოფნა და იღბალი უსურვა.
„გავრცელდა ცნობები, თუმცა ჩვენ არ ვიცით. მე მათთან ძალიან კარგი ურთიერთობები მაქვს. შემიძლია ვთქვა მხოლოდ ის, რომ მას კარგად ყოფნას ვუსურვებ, რადგან გავრცელებული ახალი ამბების თანახმად, როგორც იცით, მისი მდგომარეობა ძალიან სერიოზულია. თუმცა მას კარგად ყოფნას ვუსურვებ. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე არაერთხელ მითქვამს ის, რომ ამ პოზიციაზე ვინმე სხვა რომ ყოფილიყო, ჩვენ ამჟამად ჩრდილოეთ კორეასთან ომი გვექნებოდა. ასე რომ, კიმ ჩენ ინს ვეტყვი მხოლოდ იმას, რომ მას იღბალს ვუსურვებ. ვგულისხმობ გავრცელებულ ძალიან სერიოზულ სამედიცინო ცნობებს. არავის დაუდასტურებია ეს, ისინი „სიენენმა“ გაავრცელა. ასე რომ, როდესაც „სიენენი“ ცნობას ავრცელებს, მე ძალიან არ ვენდობი მას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა არ გამორიცხა, რომ კიმ ჩენ ინს დაუკავშირდეს.
„სიენენის“ ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი გადატანილი ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.