დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „ხელოვნური ინტელექტის ძალებს“ ქმნის და ამ მიმართულებით სპეციალური მრჩევლის დანიშვნას გეგმავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ხელოვნური ინტელექტის ძალების“ შექმნას და ამ მიმართულებით სპეციალური მრჩევლის დანიშვნას გეგმავს.
აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ შეშფოთება „თაღლითობაა“, თუმცა გარკვეულ რისკებზეც ისაუბრა.
მისი თქმით, შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან ბრძოლა აშშ-ის უკვე არსებული სისხლის სამართლისა და სამოქალაქო მართლმსაჯულების სისტემით იქნება შესაძლებელი.
„ამ მიზნით, ვქმნი „ხელოვნური ინტელექტის ძალებს”, ისევე როგორც შევქმენი კოსმოსური ძალები, რომლებმაც ჩემი პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დიდი წარმატება მოიპოვა. უახლოეს მომავალში ასევე დავასახელებ ხელოვნური ინტელექტის „ცარს“, განაცხადების შეტანა მხოლოდ მაღალი IQ-ის მქონე პირებს შეუძლიათ“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
ტრამპის თქმით, ხელოვნური ინტელექტი ახალი ინდუსტრიული რევოლუციაა, ან ინტერნეტის მსგავსი გარდამტეხი ტექნოლოგია, თუმცა მისი გავლენა შესაძლოა, კიდევ უფრო მასშტაბური იყოს.
„ხელოვნური ინტელექტი არის შემდეგი ინდუსტრიული რევოლუცია, ან ინტერნეტის მსგავსი, თუმცა ის კიდევ უფრო მასშტაბური და გავლენიანი იქნება და შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 25%-ს მიაღწიოს. ჩვენ ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს ვუსწრებთ და ვაპირებ, ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ!“- განაცხადა ტრამპმა
ტრამპის ადმინისტრაციას დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ გაუვრცელებია. მათ შორის უცნობია, რა უფლებამოსილებები ექნება ხელოვნური ინტელექტის საკითხებში მრჩეველს და იგულისხმება თუ არა „ხელოვნური ინტელექტის ძალებში“ სამხედრო სტრუქტურის შექმნა.