დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი აშშ-ის ოთხ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი აშშ-ის ოთხ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ტელეკომპანიამ აშშ-ის პრეზიდენტთან ინტერვიუს მცირე ნაწილი გამოაქვეყნა, სრული ვერსია კი მოგვიანებით გავა ეთერში.
როგორც დონალდ ტრამპი ინტერვიუში აღნიშნავს, ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციამდე, ირანი ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმას გეგმავდა.
„ჩვენ გეტყვით, რომ ეს სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო საელჩო ბაღდადში. შემიძლია გითხრათ, რომ, როგორც მე მიმაჩნია, ეს უნდა ყოფილიყო ოთხი საელჩო“, – ამბობს ტრამპი.
3 იანვარს აშშ-ის დარტყმას ბაღდადის აეროპორტთან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეციალური დანიშნულების ძალების მეთაური, გენერალი ყასემ სოლეიმანი ემსხვერპლა. საპასუხოდ თეირანმა 8 იანვარს სარაკეტო იერიში მიიტანა ერაყში განთავსებულ ორ ბაზაზე, რომელზეც ამერიკელი სამხედროები არიან დისლოცირებული.