დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იხუმრა, როდესაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს შესთავაზა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იხუმრა, როდესაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა UFC-ს აღმასრულებელ დირექტორსა და პრეზიდენტს, დანა უაითს შესთავაზა.
„გეტყვით, რომ ვიხუმრე, მაგრამ დანას მოსწონს ეს იდეა. ის შესანიშნავია“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
მანამდე, ტრამპმა 7 ნოემბერს სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა და სთხოვა, ასისტენტად მებრძოლები დაენიშნა.
„მოხარული ვარ, გაცნობოთ, დიად დანა უაითს, ძლიერ მებრძოლსა და მეომარს, შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზეთ. მოვითხოვე, მან მებრძოლები ასისტენტად წამოიყვანოს, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი ჩვენი ქვეყნიდან არ არიან, როგორებიც არიან: ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი და კეილა ჰარისი. ეს ხალხი გვჭირდება შეშლილი მემარცხენეებისგან თავის დასაცავად. დანა შეუდარებელი პრესმდივანი იქნება. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს“, – დაწერა ტრამპმა.
ტრამპის პოსტიდან მალევე უაითმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ფოტო, სადაც ის თეთრი სახლის ბრიფინგის ოთახში ტრიბუნის უკან დგას წარწერით „შემდეგ ეტაპზე გადავდივართ“. ამასთან, მან დაწერა, რომ ორშაბათს ტრამპთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.
თეთრი სახლის ლიდერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაგეგმილი შეხვედრა კვლავ ძალაშია, თუმცა პრესმდივნის თანამდებობას არ უკავშირდება.
„რა თქმა უნდა, ვიხუმრე. დანა მართლაც ჩამოდის, თუმცა სხვა მიზეზების გამო. როგორც ჩანს, ისედაც ვაშინგტონში უნდა ყოფილიყო, ამიტომ გამოივლის და შემხვდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
ცნობისთვის, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეით ზაქარიამ პოსტი თანამდებობაზე დანიშვნიდან რამდენიმე დღეში დატოვა.