დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის მომდევნო ეტაპებთან დაკავშირებით ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ დასამუშავებელია
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის მომდევნო ეტაპებთან დაკავშირებით ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ დასამუშავებელია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის შემდეგ ეტაპებთან დაკავშირებით „ზოგადი კონსენსუსი არსებობს“, თუმცა, მისივე თქმით, ზოგიერთი დეტალი ჯერ კიდევ დასამუშავებელია.

დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ „ჰამასი“ და ისრაელი ბრძოლით დაიღალნენ და იმედოვნებს, რომ შეთანხმება ძალაში დარჩება.

ამასთან ტრამპმა დაადასტურა, რომ 13 ოქტომბერს კაიროში, ღაზის სექტორის მომავლის განსახილველად შეხვედრას დაესწრება.

მედიის ცნობით, შეხვედრას სავარაუდოდ, გერმანიის, საფრანგეთის, გაერთიანებული სამეფოს, იტალიის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იორდანიის, თურქეთის, საუდის არაბეთის, პაკისტანისა და ინდონეზიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ამ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელშიც გაემგზავრება, სადაც ქნესეთის წინაშე სიტყვით გამოვა.

ცნობისთვის, ზავის ამოქმედების შემდეგ, ათი ათასობით პალესტინელმა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში დაბრუნება დაიწყო. „ჰამასის“ 48 მძევალი კი, რომელთაგან დაახლოებით 20 ცოცხალია 13 ოქტომბერს უნდა გაათავისუფლონ. ისრაელის პრემიერის განცხადებით, ისრაელელი მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გაცვლის შემდეგი ეტაპი, „ჰამასის“ განიარაღებას და ღაზას დემილიტარიზაციას გულისხმობს.