დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ერ რიადის აეროპორტზე თავდასხმას შეისწავლის, ვიდრე გადაწყვეტს, შეუერთდება თუ არა აშშ საუდის არაბეთს „ჰუსიტების“ წინააღმდეგ თავდასხმებში
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადის აეროპორტზე თავდასხმას შეისწავლის, ვიდრე გადაწყვეტს, შეუერთდება თუ არა აშშ საუდის არაბეთს „ჰუსიტების“ წინააღმდეგ თავდასხმებში.
ჟურნალისტის კითხვაზე, გადაწყვიტა თუ არა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საუდის არაბეთის მიერ განხორციელებულ დარტყმებში მონაწილეობა, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს შესაძლებელია და საკითხს განიხილავენ.
„შესაძლოა. ამ საკითხს განვიხილავთ. ამ ბოლო თავდასხმის შესახებ ახლახან შევიტყვეთ. ამიტომ გადაწყვეტილებას მივიღებთ. ჩვენ ძალიან სწრაფად ვმოქმედებთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ერ რიადში მეფე ხალიდის საერთაშორისო აეროპორტზე თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. აეროპორტის მუშაობა კი დროებით შეჩერდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ინციდენტი იემენელი „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთზე სარაკეტო დარტყმების ფონზე მოხდა. აეროპორტზე ამ კვირაში ორჯერ განხორციელდა თავდასხმა, რის შედეგადაც, ოთხი ადამიანი დაიღუპა, ზოგი კი დაიჭრა.