დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ექიმების დახმარებით თავს კარგად გრძნობს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ექიმების დახმარებით თავს კარგად გრძნობს.
კორონავირუსის დიაგნოზით უოლტერ რიდის სამედიცინო ცენტრში მყოფი ტრამპი აღნიშნავს, რომ გასული ექვსი თვის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი პროგრესია მიღწეული.
„ექიმები, ექთნები და ყველა უოლტერ რიდის დიდებულ სამედიცინო ცენტრში, ასევე სხვები მსგავსი არაჩვეულებრივი ინსტიტუტებიდან, რომლებიც შეურთდნენ მათ, შესანიშნავები არიან!!! უზარმაზარი პროგრესია მიღწეული ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ამ ჭირის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათი დახმარებით, მე თავს კარგად ვგრძნობ!“ – წერს დონალდ ტრამპი.
კორონავირუსით ინფიცირების შესახებ დონალდ ტრამპმა გუშინ დილით თავად განაცხადა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა აშშ-ის პირველ ლედისაც. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მერილენდში მდებარე უოლტერ რიდის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.