დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში ილჰამ ალიევსა და ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს თეთრ სახლში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპი ინფორმაციას თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.
„ეს ორი ერი წლების განმავლობაში ომობდა, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ბევრმა ლიდერმა სცადა ამ ომის დასრულება, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია, საკმაოდ დიდი ხანია, ორივე მხარესთან თანამშრომლობს.
„ამერიკის შეერთებული შტატები ასევე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან ეკონომიკური შესაძლებლობების ერთობლივად გამოსაყენებლად, რათა სრულად გამოვიყენოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი“, – აღნიშნა ტრამპმა.