დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში კორონავირუსზე ყოველდღიურად 300 000-მდე ტესტი ტარდება
ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსზე ყოველდღიურად 300 000-მდე ტესტი ტარდება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპის თქმით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში ცხრა მილიონზე მეტი ტესტირება ჩატარდა და მაჩვენებელი კვირის ბოლოსთვის 10 მილიონს მიაღწევს. აშშ-ის პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა ქვეყანაში ტესტირების შესაძლებლობებს და აღნიშნა, რომ ამ კუთხით ქვეყანამ გაიმარჯვა.
„ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ ტესტირების მიმართულებით და ეს დიდი, მნიშვნელოვანი ფუნქციაა. ჩვენ გავიმარჯვეთ. ჩვენ გვაქვს საუკეთესო აღჭურვილობა მსოფლიოში“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ტრამპის განცხადებით, მომავალ თვეებში ქვეყნის ეკონომიკა გაუმჯობესდება და მომავალი წელი ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.
თეთრი სახლის თანამშრომლების ინფიცირების შესახებ შეკითხვაზე აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს სისტემის ჩამოშლას არ ნიშნავს და ქვეყანა იმართება.
„ერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა, რაც საკვირველი იყო, რადგან წინა დღეს პასუხი ნეგატიური იყო. ეს ფარული მტერია. მოდით, გვახსოვდეს ეს“, – აღნიშნა ტრამპმა.
პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ თეთრი სახლის თანამშრომლებისთვის სახის დამცავი ნიღბების ტარება თავად მოითხოვა.