დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 110 000 აპარატს აწარმოებენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკული კომპანიები უახლოესი კვირების განმავლობაში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 110 000 აპარატს აწარმოებენ, რაც ახალი კორონავირუსის მკურნალობისთვის არის საჭირო. ამ თემაზე მან კორონავირუსის საკითხთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ტრამპის თქმით, ქვეყნის ხელისუფლების განკარგულებაში ამ დროისთვის 8 675 ასეთი აპარატია, რომლებიც იმ შტატებში გაიგზავნება, სადაც ისინი ყველაზე მეტად სჭირდებათ. კიდევ 110 000 აპარატი კი უახლოეს კვირებში იქნება ადგილებზე.
„არ მგონია, რომ აპარატები დაგვჭირდება, თუმცა ისინი საჭირო იქნება მომავალში. ასევე, შეგვიძლია, დავეხმაროთ სხვა ქვეყნებს, რომლებსაც სჭირდებათ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები“, – განაცხადა ტრამპმა.
მისივე თქმით, აშშ-ში ვირუსი პიკს უახლოვდება. ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ეკონომიკა უახლოეს მომავალში კვლავ მძლავრად ამუშავდება.