დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გრენლანდიის შეძენის საკითხს დავოსის ფორუმზე განიხილავს - „არ მგონია, ზედმეტად შემეწინააღმდეგონ, ჩვენ უნდა გვქონდეს გრენლანდია, მათ ეს უნდა მოაგვარონ“
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ გრენლანდიის შეძენის საკითხს დავოსის ფორუმზე განიხილავს - „არ მგონია, ზედმეტად შემეწინააღმდეგონ, ჩვენ უნდა გვქონდეს გრენლანდია, მათ ეს უნდა მოაგვარონ“

აშშ გრენლანდიის შეძენის საკითხს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განიხილავს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპს ჟურნალისტმა ჰკითხა, რა არის მისი გეგმა იმ ფონზე, როდესაც ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ დავოსში მხარს არ დაუჭერენ გრენლანდიასთან დაკავშირებულ მის გეგმებს, რაზეც ტრამპმა უპასუხა:

„არ მგონია, ზედმეტად შემეწინააღმდეგონ. ჩვენ უნდა გვქონდეს გრენლანდია, მათ ეს უნდა მოაგვარონ. მათ არ შეუძლიათ ამის დაცვა. დანიელები შესანიშნავი ხალხია და ვიცი, რომ ლიდერებიც კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ისინი არც კი ჩადიან იქ. ვინაიდან 500 წლის წინ იქ ნავი ჩავიდა და შემდეგ იქაურობა დატოვა, არ გაძლევს უფლებას, ფლობდე ტერიტორიას. ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ სხვადასხვა ადამიანთან. უზარმაზარ წარმატებას მივაღწიეთ და ნატო-სთვის უფრო მეტი გავაკეთე, ვიდრე ვინმე სხვამ. არა მგონია, ახლა ნატო გქონოდათ. მე დავარწმუნე, რომ ხუთპროცენტიანი გადასახადი გადაეხადათ ორი პროცენტის ნაცვლად. ნატო-სთვის მე სხვა ნებისმიერ ამერიკელ პრეზიდენტზე მეტი გავაკეთე. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა გრენლანდია ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.