დონალდ ტრამპი - 60 დღე საბოლოო ვადა არ არის, ირანთან დასკვნით შეთანხმებას, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს
60 დღე საბოლოო ვადა არ არის, ირანთან დასკვნით შეთანხმებას, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
პარიზში ჩასვლის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვაზე, არსებობს თუ არა შეთანხმებისთვის კონკრეტული საბოლოო ვადა, ტრამპმა უპასუხა, რომ ასეთი კონკრეტული ვადა არ არსებობს და მოლაპარაკებები, შესაძლოა, უფრო დიდხანს გაგრძელდეს. ამჟამად, არსებული ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, ვაშინგტონი და თეირანი მიზნად ისახავენ, რომ დასკვნით შეთანხმებას 60 დღის განმავლობაში მიაღწიონ.
ამასთან, ტრამპმა ირანის ბალისტიკური რაკეტების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ სხვა ქვეყნებს მსგავსი იარაღი აქვთ, ირანისთვის მისი არქონა „ცოტა უსამართლო“ იქნებოდა. მისი თქმით, ბალისტიკური რაკეტები არ არის იგივე საკითხი, რაც ბირთვული იარაღი და აღნიშნა, რომ თუ საუდის არაბეთსა და კატარს მსგავსი შესაძლებლობები აქვთ, ირანის შემთხვევაში საკითხი „შედარებითი პროპორციით“ უნდა შეფასდეს.
ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, რამდენ ხანს დარჩებიან აშშ-ის სამხედრო ძალები სპარსეთის ყურის რეგიონში შესაძლო შეთანხმების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა კი უპასუხა, რომ ისინი იქ „ცოტა ხნით“ დარჩებიან.
როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ირანთან ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მომდევნო 48 საათში მოეწერება.