დონალდ ტრამპი 2020 წლის არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებას ან ახალი არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვს
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადებას ან ახალი არჩევნების დაუყოვნებლივ ჩატარებას ითხოვს.
ყოფილი პრეზიდენტი გამოეხმაურა „ფეისბუქის“ დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის განცხადებას, რომლის თანახმადაც, სოციალურმა ქსელმა 2020 წლის საარჩევნო პერიოდის დროს ჯო ბაიდენის ვაჟის სკანდალთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება FBI-დან მიღებული გაფრთხილების შემდეგ შეზღუდა. დონალდ ტრამპმა ამას არჩევნებში აქამდე არნახული დონის ჩარევა უწოდა.
„ახლა საბოლოოდ ირკვევა, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ დამარხა ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის შესახებ ისტორია არჩევნების წინ, რადგან იცოდნენ, რომ თუ ამას არ გააკეთებდნენ, ტრამპი მარტივად გაიმარჯვებდა 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ეს არის მასიური თაღლითობა და ჩარევა არჩევნებში ჩვენს ქვეყანაში აქამდე არნახულ დონეზე. გამოსავალი: გამოცხადდეს კანონიერი გამარჯვებული ან/და ეს იქნება მინიმალური გამოსავალი – გამოცხადდეს 2020 წლის არჩევნები გამოუსწორებლად კომპრომეტირებულად და ჩატარდეს ახალი არჩევნები დაუყოვნებლივ!“, – განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, გასულ კვირას „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ 2020 წლის არჩევნების დროს ჯო ბაიდენის ვაჟთან – ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული სტატიის გაზიარება გამოძიების ფედერალური ბიუროდან (FBI) მიღებული გაფრთხილების შემდეგ შეზღუდა. გამოძიების ფედერალური ბიურო სოციალურ ქსელს რუსული პროპაგანდის სიჭარბეზე აფრთხილებდა.
„ბიბისის“ ცნობით, მარკ ცუკერბერგი განმარტავს, რომ გამოძიების ფედერალურ ბიუროს კონკრეტულად ბაიდენის ისტორიასთან დაკავშირებით გაფრთხილება არ მიუცია, თუმცა„ფეისბუქში“ ჩათვალეს, რომ ეს ისტორიაც ასეთივე კონტექსტის იყო. იმ პერიოდში „ნიუ იორკ პოსტი“ ირწმუნებოდა, რომ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპიდან გავრცელებული ელექტრონული წერილები ადასტურებდა, რომ იმ დროს ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საკუთარ ვაჟს უკრაინაში ბიზნესის წარმოებაში ეხმარებოდა.