ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე მეორე ტური დაიწყო. მეორე ჯგუფში, რომლის პირობითი სახელია „ლონდონი 2020“, პირველი მატჩი ლიდერებს შორის გაიმართა – ესპანელი რაფაელ ნადალი ავსტრიელ დომინიკ ტიმს ხვდებოდა. პირველ ტურში მათ, შესაბამისად, რუსი ანდრეი რუბლიოვი და ბერძენი სტეფანოს ციციპასი დაამარცხეს.
მსოფლიოს მეორე და მესამე ნომრებს შორის დაპირისპირება ძალიან თანაბარი და დაძაბული გამოვიდა და ყველაფერი ორმა ტაი-ბრეიკმა გაარკვია. 7:6(7), 7:6(4) – ასეთი ანგარიშით ტიმმა ორ საათსა და 27 წუთში გაიმარჯვა.
არადა, ნადალი ახლოს იყო ორივე სეტის მოგებასთან. პირველ პარტიაში ჩოგბურთელები ახლოსაც არ მისულან ბრეიკ-პოინტთან და ლოგიკურად ბრძოლა ტაი-ბრეიკზე გაგრძელდა, სადაც ნადალი 5:2 დაწინაურდა, 6:5-ზე და თავის მოწოდებაზე კი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ეს შანსი ვერ გამოიყენა, შემდეგ კიდევ ერთი სეტბოლი გაანიავა და საბოლოოდ, სეტი მეტოქეს ჩააბარა.
მეორე პარტიაში ნადალმა პირველმა მოიპოვა პირველი ბრეიკ-პოინტი, მაგრამ ბრეიკამდე ვერ მივიდა, სამაგიეროდ, მეშვიდე გეიმში აიღო მეტოქის მოწოდება და სეტის მოგებას მიუახლოვდა, თუმცა, ტიმმა იქვე შეასრულა უკუბრეიკი. შემდეგ უკვე ნადალს მოუწია გადარჩენაზე ზრუნვა – ესპანელმა 4:5-ზე და 0:40-ზე სამი მატჩბოლი მოიგერია. საქმე ისევ ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ტიმი უფრო დამაჯერებელი იყო – მან მხოლოდ ერთი მინი-ბრეიკის საშუალება მისცა მეტოქეს, თავად სამი მინი-ბრეიკი მოიგო და ჯგუფში მეორე გამარჯვება მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ ტიმმა ზედიზედ მეორედ მოუგო ნადალს. მანამდე მან ესპანელი ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში დაამარცხა. საინტერესოა, რომ მათი ბოლო ორი მატჩის ექვსი სეტიდან ხუთში ტაი-ბრეიკი გათამაშდა და ხუთივე ტიმმა მოიგო.
ამ ჯგუფის მეორე მატჩში, გვიან სტეფანოს ციციპასი და ანდრეი რუბლიოვი ითამაშებენ.