დომინიკ ტიმმა ორი სეტბოლი მოიგერია და აშშ-ის ღიას ფინალში ზვერევზე გავიდა
დომინიკ ტიმმა ორი სეტბოლი მოიგერია და აშშ-ის ღიას ფინალში ზვერევზე გავიდა

აშშ-ის ღია პირველობის ფინალში გერმანელ ალექსანდრ ზვერევს ავსტრიელი დომინიკ ტიმი შეხვდება. ტურნირის მეორე ნომერმა სამ სეტში მოუგო შარშანდელ ფინალისტს, რუს დანიილ მედვედევს – 6:2, 7:6(7), 7:6(5).

მიუხედავად სამ სეტში მოგებისა, ავსტრიელისთვის მატჩი ძალიან რთული გამოვიდა. პირველ სეტში დომინირების შემდეგ, მეორე და მესამე პარტიებში ტიმი ბრეიკით იყო ჩამორჩენილი და თითო სეტბოლის მოგერიება მოუწია. მსოფლიოს მესამე ჩოგანი ორივეჯერ გამოძვრა რთული სიტუაციიდან და საბოლოოდ, მეოთხედ გავიდა „დიდი სლემის” ტურნირის ფინალში.

ტიმმა წინა სამი ფინალი წააგო – ორჯერ როლან გაროსზე და ერთხელ – ავსტრალიის ღიაზე. ავსტრიელი მეხუთე ჩოგბურთელია, ისტორიაში, ვინც „დიდი სლემზე” პირველი სამი ფინალი დათმო. საბოლოოდ, წინა ოთხმა მოთამაშემ – ივან ლენდლმა, ანდრე აგასიმ, გორან ივანიშევიჩმა და ენდი მარეიმ მაინც შეძლეს მოგვიანებით „დიდ სლემზე” გამარჯვება.

ტიმს ზვერევთან ურთიერთშეხვედრებში 7:2 მიჰყავს ანგარიში.