„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევის განხილვა იგეგმება
„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, „დიდი შვიდეულის“ სამიტზე რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევის განხილვა იგეგმება

„დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც 11-13 ივნისს დიდ ბრიტანეთში ჩატარდება, რუსეთის მიერ საერთაშორისო ნორმების დარღვევის განხილვა იგეგმება. ამის შესახებ სააგენტო „დოიჩე ველე“ გერმანიის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც სააგენტო წერს, ქვეყნები ერთობლივი რეაგირების საკითხების განხილვას გეგმავენ მოსკოვის ისეთ ქმედებებზე, როგორიცაა კიბერშეტევა, სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევა, დეზინფორმაციული კამპანიები და „მკვლელობები დასავლეთის ქვეყნების ტერიტორიაზე“.

გარდა ამისა, გერმანიაში აცხადებენ, რომ დღის წესრიგში დგას ისეთი საკითხების განხილვა, როგორიცაა რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, ბაშარ ალ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა სირიაში და სამხედრო ჩარევა ლიბიაში.

ამასთან, „დოიჩე ველე“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის მთავრობა გმობს რუსეთის ხელისუფლების მიერ ალექსეი ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდის“ (ФБК), „მოქალაქეთა უფლებების დაცვის ფონდის“ (ФЗПГ) და საზოგადოებრივი მოძრაობა „ნავალნის შტაბის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას და მოსკოვის ამ ნაბიჯს ოპოზიციის დაჩაგვრის მცდელობად მიიჩნევს.

ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წელს რუსეთი „დიდი რვიანიდან“ გააძევეს და მას შემდეგ აშშ, საფრანგეთი, იტალია, იაპონია, კანადა, გაერთიანებული სამეფო და გერმანია შეხვედრებს „დიდი შვიდეულის“ ფორმატში მართავენ.

11-13 ივნისს დაგეგმილ სამიტში აშშ-ის პრეზიდენტიც მიიღებს მონაწილეობას და სამიტის დასრულების შემდეგ, ჟენევაში გაემგზავრება, სადაც რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან გამართავს შეხვედრას.