„დოიჩე ველე“ - საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ზელიმხან ხანგოშვილმა „პანკისის ემირის“ ტიტული მიიღო
„დოიჩე ველე“ - საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ზელიმხან ხანგოშვილმა „პანკისის ემირის“ ტიტული მიიღო

საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს ზელიმხან ხანგოშვილმა „პანკისის ემირის“ ტიტული მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველეს“ რუსული რედაქცია მოკლული ხანგოშვილის ყოფილ მეუღლეზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, ამის შესახებ ხანგოშვილის ყოფილმა მეუღლემ სასამართლოში განაცხადა.

როგორც „დოიჩე ველე“ 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, მოსამართლის შეკითხვაზე პასუხად ის ადასტურებს, რომ ხანგოშვილმა საქართველოში მიიღო „პანკისის ემირის“ ტიტული და სტატუსი, რადგან „სააკაშვილის ხელისუფლებას მოელაპარაკა, რომ ხეობაში თავის ხალხზე პასუხისმგებელია“.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ მოკლული ჩეჩენი საველე მეთაურის კავშირები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გარემოცვასთან შესაძლოა, კიდევ გახდეს სასამართლოს განხილვის საკითხი. გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, სანდრა რულოვსი. ამას გარდა, ცნობილია, რომ ზელიმხან ხანგოშვილი უკრაინაში მაშინ გადავიდა, როდესაც სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა.

შეგახსენებთ, რომ „დოიჩე ველეს“ ცნობით, ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოძიება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის, სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს. როგორც, ირკვევა, მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ხანგოშვილის მკვლელობის დღეს ბერლინში იმყოფებოდა და მოკლული მასთან შეხვედრას აპირებდა. ასევე ცნობილია, რომ გამომძიებლებმა რულოვსი ერთხელ ტელეფონით დაკითხეს, თუმცა, აღნიშნული სატელეფონო საუბრის შინაარსი სასამართლო პროცესზე არ გაუმჟღავნებიათ, ამიტომ საქართველოს ყოფილი პირველი ლედისა და ხანგოშვილის დაგეგმილი შეხვედრის მოტივი უცნობი რჩება.

„დოიჩე ველე“ აღნიშნავს, რომ ბერლინში ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე უსაფრთხოების მკაცრი ზომები მოქმედებს. კერძოდ, პროცესის ყველა მონაწილესა და დამსწრეს სხდომათა დარბაზში შესვლის წინ ჩხრეკენ; ჟურნალისტებს კი ელექტრონული აპარატურის შეტანა ეკრალებათ. დაშვებულია მხოლოდ ბლოკნოტისა და კალმის შეტანა.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის აგვისტოში ბერლინში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთს დასდო ბრალი. მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ვადიმ კრასიკოვი, ასევე ცნობილი, როგორც ვადიმ სოკოლოვი.