„დოიჩე ველე“ - რუსეთი კვლავ არ ეხმარება გერმანიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში
„დოიჩე ველე“ - რუსეთი კვლავ არ ეხმარება გერმანიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში

რუსეთი ჯერ კიდევ არ ეხმარება გერმანიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, გერმანელი გამომძიებლები ჯერ კიდევ ელოდებიან პასუხებს იმ მოთხოვნებზე, რომლებიც მოსკოვში გადააგზავნეს. შესაბამისი განმარტება ბერლინის პროკურატურაში ბუნდესტაგის კითხვაზე საპასუხოდ გააკეთეს.

„2019 წლის დეკემბერში ბერლინის პროკურატურის მიერ მოსკოვში გაგზავნილი მიმართვა რუსეთის მხრიდან შინაარსიანი პასუხის გარეშე დარჩა“, – განაცხადეს გერმანიის იუსტიციის სამინისტროში.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წელს ბერლინში მოკლეს. მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე მალევე დააკავეს.

თავდაპირველად საქმეს ბერლინის პროკურატურა იძიებდა, მაგრამ 2019 წლის დეკემბრიდან ეს საქმე გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ გადაიბარა. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუ არსებობს ეჭვი, რომ დანაშაულთან უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები არიან დაკავშირებულები.

გერმანიის მთავრობამ არაერთხელ გააკრიტიკა მოსკოვი ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში არასათანადო თანამშრომლობის გამო. ბერლინის გადაწყვეტილებით, ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევეს, საპასუხოდ რუსეთმა გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა.