„დოიჩე ველე“ - ჩილეში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, სამართალდამცველებთან შეტაკებების დროს 200-ზე მეტმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა
„დოიჩე ველე“ - ჩილეში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, სამართალდამცველებთან შეტაკებების დროს 200-ზე მეტმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა

ჩილეში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ, სამართალდამცველებთან შეტაკებების დროს 200-ზე მეტმა ადამიანმა მხედველობა დაკარგა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ლათინური ამერიკის ქვეყნის უფლებადამცველი ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით იუწყება.

გერმანული გამოცემის ცნობით, დემონსტრაციების დროს 200-ზე მეტ აქტივისტს თვალი მთლიანად ან ნაწილობრივ დაუზიანდა. ადგილობრივი ჰუმანიტარული სამედიცინო ორგანიზაციები იუწყებიან, რომ მათგან 50 პირს ხელოვნური თვალი დასჭირდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულმა პირებმა მხედველობის დაკარგვასთან ერთად, თვალი მთლიანად დაკარგეს.

ამასთან ერთად კვლევები აჩვენებს, რომ დაზარალებულთა საშუალო ასაკი 30 წელია. მათ მნიშვნელოვანმა ნაწილმა თვალის არეში დაზიანებები რეზინის ტყვიების შედეგად მიიღო. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, დაზარალებულების საგანგაშო მაჩვენებელი იმაზე მიუთითებს, რომ სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიებს სახეში დამიზნებით ესვრიან.

ჩილეში დემონსტრაციები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. სტუდენტებმა საპროტესტო აქციები საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაზრდის გამო დაიწყეს. დემონსტრაციებმა მალევე მიიღო მასშტაბური ფორმა და გაიზარდა აქციის მონაწილეები მოთხოვნებიც. აქტივისტები ჯანდაცვის და განათლების სფეროებში რეფორმების გატარებას და საპენსიო სისტემის ცვლილებას ითხოვენ.

ამ ხნის განმავლობაში დემონსტრაციებზე აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებების დროს 20 ადამიანი დაიღუპა, 2500 კი დაშავდა.