„დოიჩე ველე“​ - ნატო-მ ყოველწლიური სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომლის სცენარი ბირთვული ომის შემთხვევაში, ალიანსის შესაბამის ქმედებებს ითვალისწინებს
„დოიჩე ველე“​ - ნატო-მ ყოველწლიური სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომლის სცენარი ბირთვული ომის შემთხვევაში, ალიანსის შესაბამის ქმედებებს ითვალისწინებს

ნატო-მ ყოველწლიური სამხედრო წვრთნები დაიწყო, რომლის სცენარი ბირთვული ომის შემთხვევაში, ალიანსის შესაბამის ქმედებებს ითვალისწინებს. ინფორმაციას სააგენტო „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გერმანიისა და 13 სხვა ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა 18 ოქტომბერს ყოველწლიური სწავლება დაიწყეს, რომლის მიზანს ბირთვული იარაღის გამოყენებით ალიანსის ტერიტორიის დაცვა წარმოადგენს.

„სწავლებაში, რომლის სახელწოდებაა „მტკიცე შუადღე“ ათეულობით საბრძოლო თვითმფრინავი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის ბირთვული იარაღით აღჭურვილი ავიაგამანადგურებლები და სადაზვერვო თვითმფრინავები. ოფიციალური მონაცემებით, წვრთნები ალიანსის სამხრეთ საჰაერო სივრცეში ჩატარდება. ჯერჯერობით წვრთნების სხვა დეტალები არ საჯაროვდება. სამხედრო ექსპერტების აზრით, წვრთნების ფარგლებში დაგეგმილი იქნება ამერიკული ბირთვული იარაღების მიწისქვეშა საცავებიდან ტრანსპორტირება და იარაღებით საბრძოლო თვითმფრინავების აღჭურვა, თუმცა უშუალოდ სასწავლო ფრენები ბირთვული ჭურვების გარეშე ჩატარდება.

ნატო-ს ბირთვული პოლიტიკა ითვალისწინებს, რომ პარტნიორ ქვეყნებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ ევროპის ტერიტორიაზე განთავსებული ამერიკული ბირთვული ქობინების გამოყენება, რომლებიც ბელგიაში, თურქეთში, ნიდერლანდებში და გერმანიაში არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ სამხედრო ექსპერტები ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად აფასებენ ბირთვული ომის საფრთხეს.

ამის მიზეზი საშუალო და მოკლე მანძილზე მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის ხელშეკრულებიდან აშშ-სა და რუსეთის გასვლა სახელდება. ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, რუსეთის მიერ „9M729“ ტიპის რაკეტის შემუშავება გახდა, რომელსაც 500 კილომეტრის მანძილზე შეუძლია ფრენა. ვაშინგტონი და ნატო მიიჩნევენ, რომ მოსკოვმა ახალი რაკეტის შექმნით ხელშეკრულება დაარღვია. აღსანიშნავია, რომ სამხედრო ალიანსსა და რუსეთს შორის ურთიერთობა ბოლო პერიოდში საგრძნობლად დაიძაბა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ოქტომბრის დასაწყისში, ნატოს-თან რუსეთის წარმომადგენლობის 8 თანამშრომლის გაძევების გამო, მოსკოვი აჩერებს ბრიუსელში საკუთარი წარმომადგენლობის ფუნქციონირებას. ფუნქციონირებას შეაჩერებს მოსკოვში ნატო-ს ინფორმაციული ბიუროც.

დატოვე კომენტარი