დოჰას მასტერსზე პირველ დღეს ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
დოჰას მასტერსზე პირველ დღეს ექვსი ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს

2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს დაიწყება. მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ღირსებას ოთხი მამაკაცი და ორი ქალი ძიუდოისტი დაიცავენ.

დღეს ტურნირზე მედლები ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშდება, სადაც მამაკაცებში 60 და 66კგ წონით კატეგორიაში ორ-ორი ქართველი გამოვა, ხოლო ქალებში 52 და 57კგ-ში თითო ძიუდოისტი იასპარეზებს.

60კგ-ში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, 2019/2020 წლების მსოფლიოს საუკეთესო ძიუდოისტი ლუხუმ ჩხვიმიანი პირველ შეხვედრას სამხრეთკორეელ ვონ ჩინ კიმთან გამართავს. ქართველი რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა, მისი მეტოქე კი სიაში მეათე ადგილს იკავებს. ამავე წონით კატეგორიაში იჭიდავებს ახალგაზრდა ქართველი ძიუდოისტი თემურ ნოზაძეც, რომელიც პირველ დაპირისპირებაში გამოცდილ ბრაზილიელ სპორტსმენს, ერიკ ტაკაბაკატეს შეხვდება. სამხრეთ ამერიკელი რეიტინგში მერვეა,ნოზაძე კი 30-ე ადგილს იკავებს.

66კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი პირველივე წრეში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მრავალგზის პრიზიორს, რუს მიხაილ პულიაევს შეხვდება. მარგველაშვილი რეიტინგში მესამეა, მისი მეტოქე კი 21-ე.

შეგახსენებთ, რომ ვაჟამ პულიაევი ორი თვის წინ პრაღაში, ევროპის ჩემპიონატზე პირველივე წრეში სუფთა გამარჯვებით დაამარცხა. 66კგ-ში მეორე ქართველი ბაგრატ ნინიაშვილი კი უკრაინელ ძიუდოისტს, ბოგდან იადოვს დაუპირისპირდება. ჩვენი სპორტსმენი რეიტინგში 25-ე ადგილს იკავებს, უკრაინელი კი სიაში მე-18 პოზიციაზეა.

დოჰას მასტერსის პირველი დღის პირველ წრეში ქართველი ქალი ძიუდოსტები ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ისრაელის წარმომადგენელ სპორტსმენებს შეხვდებიან.

ტურნირზე ხუთი კონტინენტის, 69 ქვეყნის 399 ძიუდოსტი იასპარეზებს.

დოჰაში დღეს წინასწარი შეხვედრები 11.00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 18.00 საათზე დაიწყება.