დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში დაუდგენელმა პირებმა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს
მოლდოვაში, დნესტრისპირეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში დაუდგენელმა პირებმა ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტროს შენობას ყუმბარმტყორცნიდან ცეცხლი გაუხსნეს.
აფეთქებების შედეგად, შენობაში მინებია ჩამსხვრეული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ბიბისის“ რუსული სამსახურის ცნობით, შემთხვევა დასვენების დღეს მოხდა.
მოლდოვის რეინტეგრაციის ბიუროში აცხადებენ, რომ ტირასპოლში მომხდარი არის საბაბი დნესტრისპირეთის რეგიონში დაძაბულობის შესაქმნელად.
„დღევანდელი ინციდენტის ამოცანა – საბაბის შექმნა უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის გასამწვავებლად დნესტრისპირეთის რეგიონში, რომელსაც არ აკონტროლებს საკონსტიტუციო ხელისუფლება. ამ კონტექსტში, რეინტეგრაციის ბიურო სიმშვიდის შენარჩუნების მოწოდებით გამოდის და კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად აგრძელებს სიტუაციის განვითარების მონიტორინგს“, – ნათქვამია რეინტეგრაციის ბიუროს განცხადებაში.
ტირასპოლში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურმა საგანგებო სხდომა მოიწვია.