დნეპროპეტროვსკის მერი - არესტოვიჩი საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისია, რომელმაც რუსულ პროპაგანდას საჩუქარი გაუკეთა
არესტოვიჩი საკუთარ თავზე შეყვარებული ნარცისია, რომელმაც რუსულ პროპაგანდას საჩუქარი გაუკეთა, – ამის შესახებ უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკის მერმა, ბორის ფილატოვმა განაცხადა.
ფილატოვის თქმით, ალექსეი არესტოვიჩით უკრაინის კონტრდაზვერვა უნდა დაინტერესდეს.
„ამაზე რეაგირებაა საჭირო. ეს არის საჩუქარი რუსული პროპაგანდისადმი. რატომ აკეთებს ის ამას? მიმაჩნია, რომ კონტრდაზვერვამ კითხვები უნდა დაუსვას. გამოვიდა ადამიანი და ამ სიტუაციის სრული დისკრედიტაცია მოახდინა“, – თქვა დნეპროპეტროვსკის მერმა.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ რაკეტა, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაანგრია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. უკრაინის არმიაში აცხადებენ, რომ ქვეყანას რუსული „X-22“ ტიპის რაკეტის ჩამოსაგდები საშუალებები არ გააჩნია.