დმიტრო კულებას განცხადებით, ბუქარესტის სამიტიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა
დმიტრო კულებას განცხადებით, ბუქარესტის სამიტიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ ბუქარესტის სამიტიდან 13 წლის შემდეგ, საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით არაფერი გაკეთებულა. ამის შესახებ კულებამ უკრაინულ გამოცემა „ლიგასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

გამოცემის ჟურნალისტმა მინისტრს მის მიერ გაკეთებული მკვეთრი განცხადებების შესახებ დაუსვა კითხვა.

„ვფიქრობ, 13 წელში ერთხელ შეიძლება თავს უფლება მისცე, აზრი გამოთქვა მკვეთრად და სწორხაზოვნად. 2008 წელს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში შავით თეთრზე, მარტივი ენით ეწერა, რომ უკრაინა და საქართველო იქნებიან ნატო-ს წევრები, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ მაპის მინიჭების საკითხს. 13 წლის განმავლობაში ამ კონკრეტულ საკითხში თუ არაფერი გაკეთებულა, ალბათ, ვინმემ უნდა მოიკრიბოს სიმამაცე და თქვას: რა ხდება საერთოდ? ამჯერად ეს მე ვიყავი“, – განაცხადა კულებამ.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, 2008 წლის მსგავსად, ახლაც არ არის ნატო-ში კონსენსუსი უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გრაფიკთან დაკავშირებით.

„პოლიტიკური კონსენსუსი იმაზე, რომ უკრაინა საბოლოოდ იქნება ნატო-ში, არსებობს და ეს დადასტურდა ბოლო სამიტზე. თუმცა ნატო-ში ჩვენს გაწევრიანებასთან დაკავშირებით ორიენტირების მიცემაზე ან გრაფიკის შედგენაზე ისინი მზად არ არიან. ეს სამწუხაროა, თუმცა ეს რეალობაა, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ. ამასთან მე არ ვაკნინებ ალიანსის მნიშვნელოვან როლს 2014 წლიდან რუსული აგრესიის შეკავებაში“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.