დმიტრო კულება - უკრაინა ბრძოლებში იმარჯვებს, თუმცა ომი გრძელდება
დმიტრო კულება - უკრაინა ბრძოლებში იმარჯვებს, თუმცა ომი გრძელდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინა ბრძოლებში იმარჯვებს, თუმცა ომი გრძელდება.

ამის შესახებ განცხადება დმიტრო კულებამ კამბოჯაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ლიდერების სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კამბოჯაში მყოფ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს მასთან შეხვედრა არ უთხოვია.

„თუ ის ამას გააკეთებს. ჩვენ მის თხოვნას დეტალურად შევისწავლით“, – განაცხადა კულებამ და განმარტა, რომ ასეთ შემთხვევაში მოსკოვი მოლაპარაკებებს კეთილსინდისიერად უნდა მიუდგეს.

„არ არსებობს არც ერთი ნიშანი, რომ რუსეთი გულწრფელად აწარმოებს მოლაპარაკებას. მაგიდასთან ლამაზი ფოტოების გადასაღებად დასხდომის ეტაპი გავიარეთ. ჩვენ ეს გავაკეთეთ, ვცადეთ. შეგახსენებთ, ომის პირველ თვეებს და არაერთ მცდელობას უკრაინის მხრიდან მოლაპარაკება ეწარმოებინა რუსეთთან. ერთადერთი პასუხი, რომელსაც ყოველთვის ვიღებდით, იყო ულტიმატუმების ჩამონათვალი, სია. ისინი გვეუბნებოდნენ, შეასრულეთ ეს მოთხოვნები ან დატოვეთ მოლაპარაკება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებამ მოუწოდა სამიტის მონაწილეებს დაგმონ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და ასევე არ მისცენ უფლება მოსკოვს, მსოფლიო ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლით დააშანტაჟოს.

მისი თქმით, ე.წ. მარცვლეულის შეთანხმება უნდა დარჩეს ძალაში მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება მოვლენები ბრძოლის ველზე.

„მოგიწოდებთ, მიიღოთ ზომები, რომ რუსეთმა „შიმშილის თამაშები“ შეწყვიტოს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.