დმიტრო კულება - რუსეთს არ აქვს უფლება, დაყოს ევროპა გავლენის სფეროებად, განსაზღვროს, როდის, როგორ და რა მიმართულებით გაფართოვდება ევროკავშირი
დმიტრო კულება - რუსეთს არ აქვს უფლება, დაყოს ევროპა გავლენის სფეროებად, განსაზღვროს, როდის, როგორ და რა მიმართულებით გაფართოვდება ევროკავშირი

რუსეთს არ აქვს უფლება, დაყოს ევროპა გავლენის სფეროებად და არ აქვს უფლება, განსაზღვროს, როდის, როგორ, რა მიმართულებით მოხდება ევროკავშირის გაფართოება, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ლუგანსკის რეგიონში ვიზიტის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დმიტრო კულებას თქმით, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე.

„ეს არამარტო ჩვეულებრივი დიპლომატიური ვიზიტი, არამედ ისტორიული მომენტია, რადგან ჟოზეფ ბორელი საგარეო საკითხებში ევროკავშირის პირველი უმაღლესი წარმომადგენელია, რომელმაც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის ზონა მოინახულა. ამ ვიზიტის უმთავრესი მიზეზი უსაფრთხოებაა და დღეს ბატონმა ბორელმა თავისი თვალით ნახა და შეიგრძნო ამ ომის შედეგები, ის ქმედებები, რომლებიც უკრაინამ გასწია საკონტაქტო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ხალხის ცხოვრების გასაადვილებლად.

ევროკავშირი უკრაინის გვერდით დგას რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ფონზე და ჩვენ ვსაუბრობთ არამარტო დიპლომატიურ, არამედ პრაქტიკულ გამოსავალზე. ევროკავშირმა უკრაინის შეიარღებული ძალების შესაძლებლობების ზრდისთვის 31 მილიონი ევრო გამოყო. ეს დახმარება უკრაინას თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება და ამასთან, უკრაინა რჩება დიპლომატიის, მინსკის შეთანხმებების და ამ კონფლიქტის მშვიდობიანი გზებით მოგვარების ერთგული.

ევროკავშირის და უკრაინის წინაშე დგას ერთადერთი ამოცანა, მოახდინონ სიტუაციის დეესკალაცია დიპლომატიური ზომების მიღებით და აიძულონ მოსკოვი, შეამციროს დაძაბულობა. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ რუსეთის შეკავებაზე და ამის ერთ-ერთი ელემენტი რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესებაა. კიდევ ერთი ელემენტი, რომელსაც მინდა, ხაზი გავუსვა, არის ის, რომ ევროკავშირი და უკრაინა დგანან ერთ აზრზე, რომ რუსეთს არ აქვს უფლება, დაყოს ევროპა გავლენის სფეროებად, არ აქვს უფლება, განსაზღვროს როდის, როგორ და რა მიმართულებით მოხდება ევროკავშირის გაფართოება, რა სახის ურთიერთობები ექნებათ ევროკავშირს და უკრაინას. ეს არის მხოლოდ კიევის და ბრიუსელის ექსკლუზიური უფლება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

დატოვე კომენტარი