დმიტრო კულება - რუსეთის გაყინული აქტივები შეგვიძლია, უკრაინაში იარაღის ქარხნების ასაშენებლად გამოვიყენოთ, შეიძლება, აღდგეს სკოლები, საავადმყოფოები, ინფრასტრუქტურა
რუსეთის გაყინული აქტივები შეგვიძლია, უკრაინაში იარაღის ქარხნების ასაშენებლად გამოვიყენოთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„სკოლები, საავადმყოფოები, გზები, ხიდები, ინფრასტრუქტურა – ეს ყველაფერი შეიძლება, აღდგეს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით. შეგვიძლია, ფიზიკურად ავაშენოთ ახალი უკრაინა, ვიყიდოთ ბევრი იარაღი, დავამზადოთ და ავაშენოთ იარაღის ქარხნები უკრაინაში. ეს არის რეალური რესურსი. დავოსში ვიგრძენი, რომ გადაწყვეტილების მიღება გარდაუვალია. ახლა ჩვენი ამოცანაა, დავაჩქაროთ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობდა მუშაობა რუსეთის გაყინულ აქტივებზე. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ცნობით, საუბარია დაახლოებით 330 მილიარდ დოლარზე.
„ეს არის გიჟური, უზარმაზარი თანხა, რომელსაც უკრაინა იმსახურებს და უკრაინამ უკვე დაიწყო ხმამაღლა ლაპარაკი ყოვლისმომცველი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობაზე, რომ ჩვენ შეგვიძლია, ეს თანხა გამოვიყენოთ ჩვენი ჯარისთვის და ჩვენი რეკონსტრუქციისთვის“, – აღნიშნა კულებამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დავოსში რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი შედგა, რაც უდავოდ გავლენას მოახდენს გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც გაყინული აქტივების შესახებ მიიღებენ.
„ჩვენ დღეს ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ეს გადაწყვეტილება გარდაუვალია და საჭიროა, რაც შეიძლება მალე მოხდეს. უკრაინამ მაქსიმალური თანხა უნდა აიღოს რუსეთიდან. Კრემლმა უნდა გადაიხადოს მიყენებული ზიანისთვის საფასური“, – განაცხადა კულებამ.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივები საკმარისი იქნება უკრაინის რეკონსტრუქციის საჭიროებების 80 პროცენტის დასაფარად.
რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, დასავლეთის ქვეყნებში დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივებია გაყინული.