დმიტრო კულება - ჩვენი პარტნიორების ერთგულებას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ უკრაინა იხდის ყველაზე მაღალ საფასურს ამ ომში, ნუ ცდილობთ, დაგვარწმუნოთ, რომ ჩვენ შეიძლება, წავაგოთ
დმიტრო კულება - ჩვენი პარტნიორების ერთგულებას ძალიან ვაფასებთ, მაგრამ უკრაინა იხდის ყველაზე მაღალ საფასურს ამ ომში, ნუ ცდილობთ, დაგვარწმუნოთ, რომ ჩვენ შეიძლება, წავაგოთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორებს მოუწოდებს, პატივი სცენ საფასურს, რომელსაც უკრაინელი ხალხი რუსეთის აგრესიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის იხდის. ამის შესახებ კულებამ ფრანგულ გამოცემა Le Parisien-თან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, კულებამ ინტერვიუში აღნიშნა, რომ უკრაინა აფასებს პარტნიორების ერთგულებას.

„როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორების ერთგულება, რომელსაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ, სწორედ უკრაინა იხდის ყველაზე მაღალ საფასურს ამ ომში. კარგავს სიცოცხლეს, განიცდის ტანჯვას თავის მიწაზე, იცავს საკუთარ თავისუფლებას. საჭიროა ამ მსხვერპლის პატივისცემა. გსურთ დახმარება? – დაგვეხმარეთ. ნუ ცდილობთ, დაგვარწმუნოთ, რომ ჩვენ შეიძლება, წავაგოთ. არ ვიცი ისტორიაში არც ერთი მაგალითი, როდესაც პესიმისტებმა ომში გაიმარჯვეს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კულებამ მოუწოდა მოკავშირეებს, ძალისხმევა მიმართონ გამარჯვებისკენ და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, რაც, მისი თქმით, სავსებით მიღწევადია.

„ატლანტიკისა და ევროპის რამდენიმე გამოჩენილ გენერალს მტკიცედ სჯეროდა, რომ თებერვალში რუსეთს დასჭირდებოდა მაქსიმუმ ერთი კვირა კიევის ოკუპაციისთვის და უკრაინის კონტროლის ქვეშ მოქცევისთვის. ამიტომ დღეს, როდესაც მესმის პესიმისტური შეფასებები, ვთხოვ ყველას, საკუთარი ენერგია მიმართონ იმისკენ, რომ ხელი შეუწყონ გამარჯვებას და არ ეძებონ შესაძლო წარუმატებლობის მიზეზები“, – აღნიშნა კულებამ.

რაც შეეხება რუსეთთან მოლაპარაკებებს, კულებას განცხადებით, რუსეთმა არ უნდა აურიოს მოლაპარაკებები ულტიმატუმებთან.

„ვიდრე რუსეთი არ იქნება მზად სერიოზული და გულწრფელი საუბრისთვის, მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას აზრი არ აქვს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დმიტრო კულებამ ასევე აღნიშნა, რომ არცერთი მსოფლიო ლიდერი არ უბიძგებს უკრაინას, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოლაპარაკებებისკენ.

„ყველას ესმის, რომ მსოფლიო უნდა იყოს სამართლიანი. სამართლიანი მსოფლიო კი იწყება უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრული აღდგენიდან. ეს მიზანი სავსებით მიღწევადია“, – განაცხადა მან.

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინას პარტნიორები არა მხოლოდ იარაღს აწვდიან, არამედ მუშაობენ მესამე ქვეყნებთან მათგან აღჭურვილობის შესაძენად და უკრაინისთვის მისაწოდებლად.

„ამ მესამე ქვეყნების უმეტესობა საჯაროდ ამბობს, რომ არაფერს გვაწვდის, თუმცა კულისებს მიღმა ყველაფერი ხდება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.