დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა ეხმარება
დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა ეხმარება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში 12 ქვეყანა ეხმარება. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

კულებას განმარტებით, უკრაინელ დიპლომატებს მუდმივად აქვთ კონტაქტი პარტნიორებთან აღნიშნულ საკითხზე პროფილური უწყებების მიერ მომზადებული საჭიროებების სიებზე დაყრდნობით. ამას გარდა, მისივე თქმით, დიპლომატები საჭიროებებთან დაკავშირებით მწარმოებელ კომპანიებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, ბელგია, შვედეთი, ჩინეთი და სხვები.

„ჩვენ უკვე შევთანხმდით მოწყობილობების მიწოდებაზე 12 ქვეყნის მთავრობებთან და კომპანიებთან: ისრაელის, ესპანეთის, იტალიის, ლიეტუვის, გერმანიის, ჩრდილოეთ მაკედონიის, პოლონეთის, სამხრეთ კორეის, სლოვაკეთი, სლოვენიის, ფინეთის და საფრანგეთის. მთლიანობაში საუბარია ენერგეტიკული მოწყობილობების 954 ერთეულზე. დახმარების პირველი პარტიები უკვე უკრაინაშია, დანარჩენებს კი უახლოეს მომავალში ველოდებით. ვაგრძელებთ მუშაობას პარტნიორების წრის და მხარდაჭერის მოცულობის გასაზრდელად“, – განაცხადა კულებამ.

კულებას თქმით, იმ მოწყობილობებს შორის, რომლებსაც უკრაინა იღებს, არის გენერატორები, ავტომატური გადამრთველები და სხვა ტექნიკა.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ რუსულმა ტერორმა გაგვტეხოს ჩვენ ან ჩვენი პარტნიორები… მადლობელი ვართ თითოეულ პარტნიორის და კომპანიის, რომლებიც გამოეხმაურნენ ჩვენ სასწრაფო თხოვნას“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.