დმიტრო კულება აცხადებს, რომ სერგეი ლავროვის დახმარებით ეუთო-ს გადარჩენის მცდელობები წარმატებას ვერ მოიტანს
დმიტრო კულება აცხადებს, რომ სერგეი ლავროვის დახმარებით ეუთო-ს გადარჩენის მცდელობები წარმატებას ვერ მოიტანს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ სერგეი ლავროვის დახმარებით ეუთო-ს გადარჩენის მცდელობები წარმატებას ვერ მოიტანს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ კულებამ ბრიუსელში განაცხადა.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, ჩრდილოეთ მაკედონიისა და სხვა ქვეყნების თანხმობა ეუთო-ს მინისტერიალში სერგეი ლავროვის მონაწილეობაზე ნაკარნახევია ორგანიზაციაში კრიზისის დაძლევის მცდელობით.

„არის რიგი ქვეყნებისა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა საჭიროა ორგანიზაციის კოლაფსისა და დაშლისგან გადასარჩენად“, – განაცხადა კულებამ და აღნიშნა, რომ რუსეთი აშანტაჟებდა ეუთო-ს და იმუქრებოდა, რომ დაბლოკავდა თავმჯდომარის არჩევას და ორგანიზაციის ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნას, თუკი ლავროვს არ მოუხსნიდნენ შეზღუდვებს.

უკრიანის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ეს არ იხსნის ორგანიზაციას კრიზისისგან, რომელიც მის არსებობას საფრთხეს უქმნის.

„მიმაჩნია, რომ თუ ნამდვილად გვინდა ეუთო-ს გადარჩენა, ჩვენ ან ხელახლა უნდა დავაფუძნოთ ორგანიზაცია, ან ვიპოვოთ რუსეთის გაძევების გზა“, – აღნიშნა დმიტრო კულებამ.

სკოპიეში დაგეგმილ ეუთო-ს მინისტერიალში სერგეი ლავროვის მონაწლეობის გამო შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს უკრაინამ და ბალტიის ქვეყნებმა.