დმიტრო კულება აცხადებს, რომ დასავლეთს რუსეთის დაშლის არ უნდა ეშინოდეს
დმიტრო კულება აცხადებს, რომ დასავლეთს რუსეთის დაშლის არ უნდა ეშინოდეს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დასავლეთს არ უნდა ეშინოდეს რუსეთის დაშლის, ხოლო უკრაინას აქვს უფლება, დარტყმები მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე. ამის შესახებ განცხადება დმიტრო კულებამ „უოლ სთრით ჯოურნალთან“ ინტერვიუში გააკეთა.

პუბლიკაციის ავტორები წერენ, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეები ყველა ძალით ცდილობენ, არ დაუშვან ომში უკრიანის მარცხი, მაგრამ დასავლეთში ყველას არ მოსწონს კიევის დამაჯერებელი გამარჯვების პერსპექტივა. მოვლენების ამგავრი სცენარით განვითარების შემთხვევაში, უკრაინა დაიბრუნებდა კონტროლს არა მხოლოდ იმ ტერიტორიებზე, რომლებიც თებერვლის შემდეგ დაკარგა, არამედ ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ნაწილებზეც, რომლებიც 2014 წელს რუსეთმა მიისაკუთრა.

„უკრაინის ზოგიერთი მოკავშირე შიშობს, რომ ასეთმა შედეგმა შესაძლოა, გამოიწვიოს ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს სრული დესტაბილიზაცია, პოტენციურად კი, რუსეთის დაშლა და მასშტაბური მღელვარება, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვება“, – წერს „უოლ სთრით ჯოურნალი“.

ამ მოსაზრებებზე საპასუხოდ, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ეს ახსენებს პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უფროსის პოზიციას. 1991 წელს ბუშმა თავის ცნობილ სიტყვაში ისაუბრა ე.წ. თვითმკვლელ ნაციონალიზმზე და მოუწოდა უკრაინას, უარი თქვას მოსკოვისგან დამოუკიდებლობაზე, რათა საბჭოთა კავშირი გადარჩეს.

„მოვუწოდებ მსოფლიოს, არ შეეშინდეს რუსეთის დაშლის. ისტორიის ბორბალი თუ ტრიალს იწყებს, მას ვერავინ შეაჩერებს. იმაზე ფიქრის ნაცვლად, როგორ დავეხმაროთ რუსეთს სიცოცხლის შენარჩუნებაში, დროა, მივიღოთ ის ფაქტი, რომ რუსეთს არ შეუძლია, იყოს საერთაშორისო საზოგადოების ნორმალური წევრი. მე არ მგონია, რომ მსოფლიო დაიშლება ნაწილებად, თუ რუსეთი დაიშლება, მაგრამ რუსეთს დაშლიან საკუთარი მოქალაქეები, როგორც ეს მოუვიდა რუსეთის იმპერიას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კულებამ უარი თქვა, კომენტარი გაეკეთებინა ენგელსსა და რიაზანში რუსეთის სტრატეგიულ აეროდრომებზე მიტანილ დარტყმებზე, რაზეც უკრაინა პასუხისმგებლობას არ იღებს, თუმცა თქვა, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს უფლება, დარტყმები მიიტანოს რუსეთის ტერიტორიაზე.

„ჩვენ, პირველ ყოვლისა, ფოკუსირებული ვართ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამიზნეების განადგურებასა და ჩვენი ტერიტორიების გათავისუფლებაზე. მაგრამ, ცხადია, იდეა, რომ რუსეთს შეუძლია, გააკეთოს ყველაფერი, რაც ტექნიკურად შესაძლებელია უკრაინაში, ხოლო უკრაინას იმავეს უფლება არ აქვს, კონცეპტუალურად, მორალურად და სამხედრო თვალსაზრისით, მცდარია“, – ამბობს უკრაინელი დიპლომატი.

კულებამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ყირიმს აუცილებლად დაიბრუნებს და ეს ნაწილობრივ – სამხედრო და ნაწილობრივ კი დიპლომატიური გზით მოხდება.

რაც შეეხება რუსეთთან მოლპარაკებას, უკრაინელი დიპლომატი მიიჩნევს, რომ მოსკოვი ახალი ბრძოლებისთვის ემზადება და არა დიალოგისთვის.

„ჩვენ არ მოვილაპარაკებთ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. ბოლო ცხრა თვეში ჩვენ ძალიან ბევრი ტანჯვა გამოვიარეთ და ვისწავლეთ ე.წ. მინსკის პროცესის გაკვეთილი, რომლითაც რვა წელი გვაწამებდნენ, და არ ვაპირებთ ტერიტორიებთან ან იქ მცხოვრებ ადამიანებთან დაკავშირებით რაიმე დათმობაზე წასვლას“, – განაცხადა კულებამ „უოლ სთრით ჯოურნალთან“ ინტერვიუში.