დმიტრი მანდრიჩენკო - კარგია, „სამტრედიასთან“ რომ მოვიგეთ, რადგან მწვრთნელის წასვლა ფსიქოლოგიურად რთული გადასატანი აღმოჩნდა #1TVSPORT
„საბურთალომ“ „სამტრედიასთან“ გასვლაზე 3:2 მოიგო. მოლდოველმა ლეგიონერმა დმიტრი მანდრიჩენკომ, ჰეთ-თრიქი შეასრულა და მატჩის გმირი გახდა. თბილისელთა ლეგიონერმა შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ გუნდიდან მთავარი მწვრთნელის, ლევან კორღალიძის წასვლა ფსიქოლოგიურად რთული გადასატანი აღმოჩნდა.
„ბოლო მოვლენები, როდესაც მთავრი მწვრთნელი წავიდა, გუნდისთვის ფსიქოლოგიურად რთული გადასატანი აღმოჩნდა. არავინ ელოდა, ასე რომ მოხდებოდა. ეს გამარჯვება გუნდს ძალიან სჭირდებოდა, რომ ემოციები დაგვებრუნებინა და წინ თავაწეული წავსულიყავით. მთავარია, რომ გუნდმა მოიგო. ჩემს სადებიუტო გოლებს რაც შეეხება, ნამდვილად არ ველოდი, რომ ერთდროულად სამს გავიტანდი. იმედია, შემდეგში მეტს გავაკეთებ“, – ამბობს დმიტრი მანდრიჩენკო.
დმიტრი მანდრიჩენკო „საბურთალოში“ იანვარში ჩაირიცხა – 23 წლის მოლდოველი ცენტრალური ნახევარმცველი გუნდს სეზონის წინა შეკრებაზე შეუერთდა. ის ბოლოს მოლდოვის უმაღლესი ლიგის მესამეადგილოსან „სფინტულ გეორგიში“ ასპარეზობდა, სადაც 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მადრიჩენკომ „საბურთალოში“ 7 მატჩი ჩაატარა, პირველად კი თავი „სამტერდიასთან“ გამოიჩინა.
კომენტარი „საბურთალოს“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ნოზაძემაც გააკეთა.
„ძალიან რთული თამაში გვქონდა, რადგან „სამტრედიას“ ძალიან კარგი სტაფი ჰყავს და გუნდიც კარგია, ნელ-ნელა შეთამაშდა. ანგარიში ორჯერ გაგვითანაბრეს, მაგრამ ჩვენი ფეხბურთელების ჟინმა და გამარჯვებისკენ ლტოლვამ მოიტანა ის, რომ მესამე გოლიც გავიტანეთ. წინა შეხვედრიდან გამომდინარე ეს სამი ქულა ძალიან გვჭირდებოდა და მადლობელი ვარ ფეხბურთელების, რომ ეს დავალება შეასრულეს და 3 ქულა დამსახურებულად ავიღეთ“.