„საბურთალომ“ სამი ქულა მანდრიჩენკოს ჰეთ-თრიქით მოიპოვა #1TVSPORT
„საბურთალომ“ სამი ქულა მანდრიჩენკოს ჰეთ-თრიქით მოიპოვა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის პირველი წრის ბოლო, მე-9 ტური „ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ გამართული მატჩით დაიწყო – „სამტრედიამ“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და დიდი მონდომების მიუხედავად, მაინც დამარცხდა.

ლევან კორღალძის წასვლის შემდეგ „საბურთალო“ მთავარი მწვრთნელის რანგში ლაშა ნოზაძემ მოამზადა. მატჩის გმირი „საბურთალოს“ დმიტრი მანდრიჩენკო იყო, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. მოლდოველმა ნახევარმცველმა მე-9 წუთზე იური ტაბატაძის გადაცემით ანგარიში გახსნა. მე-18 წუთზე გიგი იოსელიანის შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ბურთს თავი ნათან ჟუნიორმა მიარტყა და „საბურთალოს“ კარის ძელს მოხვდა, დამატებაზე კი ირაკლი რუხაძემ ანგარიში გაათანაბრა.

ამის შემდეგ ლევან ნონიკაშვილმა მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ დმიტრი მანდრიჩენკო დატოვა, რომელმაც „სამტრედიას“ კარის ბადე მეორედ შეარხია. მაგრამ მასპინძლებმა მეორე ტაიმის დასაწყისში წონასწორობა კუთხურის გათამაშების შემდეგ აღადგინეს – სტანდარტი გიგი იოსელიანმა შეასრულა, ხოლო ნათან ჟუნიორმა თავით ზუსტად დაარტყა 2:2.

მაგრამ „სამტრედიას“ სიხარული მცირე ხანს გაგრძელდა. გიორგი ლაცაბიძის ფლანგური გადაცემის მოგერიებისას მეკარე გოგი კულუამ ბურთი ვერ მოიგერია – კარის წინ გახსნილმა დმიტრი მანდრიჩენკომ ჰეთ-თრიქი შეასრულა და „საბურთალოს“ მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.

9 ტურის შემდეგ „საბურთალომ“ 14 ქულა დააგროვა და გორის „დილას“ და „ლოკომოტივს“ ქულებით გაუტოლდა, მაგრამ პირადი შეხვედრებით გადაასწრო. „სამტრედია“ კი 4 ქულით ბოლო ადგილზეა.


სამტრედია – საბურთალო 2:3


გოლები: 0:1 მანდრიჩენკო (9. ი. ტაბატაძის პასით), 1:1 რუხაძე (18. ნათან ჟუნიორის პასით), 1:2 მანდრიჩენკო (39. ლ. ნონიკაშვილის პასით), 2:2 ნათან ჟუნიორი (48. იოსელიანის პასით), 2:3 მანდრიჩენკო (52. ლაცაბიძის პასით).