ჟურნალმა „ფორბსმა“ ყველაზე გავლენიან ადამიანად ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი დაასახელა
ჟურნალმა „ფორბსმა“ ყველაზე გავლენიან ადამიანად ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი დაასახელა

ჟურნალმა „ფორბსმა“ ყველაზე გავლენიან ადაიანად ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი დაასახელა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც სი ძინპინი რეიტინგში პირველ ადგილზეა. სიაში მეორე ადგილს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ხოლო მესამედ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იკავებენ.

შეგახსენებთ, „ფორბსის“ ყველაზე გავლენიანი ადამინების სიის პირველ ადგილს გასულ წელს ვლადიმერ პუტინი იკავებდა.

რუსეთის პრეზიდენტი 2012 წლიდან რეიტინგის პირველ პოზიციებზეა. დონალდ ტრამპი კი 2017 წელს ყველაზე გავლენიანი პირების სიაში მეორე ადგილზე იყო.

სიაში მეოთხე ადგილს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იკავებს. „ფორბსი“ აღნიშნავს, რომ ანგელა მერკელი მთელი ევროპის დე ფაქტო ლიდერია. მერკელის გარდა, რეიტინგში კიდევ ოთხი ქალი მოხვდა: დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი (მე-14 ადგილი), საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი კრისტინ ლაგარდი (22-ე ადგილი), კომპანია General Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი მერი ბარა (53-ე ადგილი), საინვესტიციო კომპანია Fidelity Invesment-ის ხელმძღვანელი აბიგეილ ჯონსონი (70-ე ადგილი).

ლიდერების ხუთეულს ასრულებს კომპანია Amazon-ის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი.
ყველაზე ახალგაზრდა გავლენიან პირად მსოფლიოში საუდის არაბეთის პრინცი, 32 წლის მუჰამედ ბენ სალმად ალ საუდი დასახელდა. ყველაზე ასაკიანი რეიტინგში კი კომპანია CK Hutchison Holdings-ის ხელმძღვანელი, ჰონკონგის ყველაზე მდიდარი ადამიანი ლი კაშინია. ის 89 წლისაა.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სიაში 36-ეა. რეიტინგში ბოლო, 75-ე საფეხურს ფიფა-ს თავმჯდომარე ჯანი ინფანტინო იკავებს. ამასთან, „ფორბსის“ სიაში მოხვდა ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი (73-ადგილი).