ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გლობალური აუდიტორული კომპანია Deloitte რომან აბრამოვიჩს მილიარდობით დოლარის ქონების გადამალვასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში დაეხმარა

14:06, 12.10.2026

გლობალური აუდიტორული კომპანია Deloitte რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩს მილიარდობით დოლარის ქონების გადამალვასა და გადასახადებისგან თავის არიდებაში დაეხმარა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, BBC Panorama-მ და საგამოძიებო ჟურნალისტიკის ბიურომ ერთობლივად აწარმოეს ჟურნალისტური გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გაირკვა, რომ კვიპროსულმა კომპანიამ, MeritServus-მა, რომელიც მანამდე Deloitte-ს ნაწილი იყო და მოგვიანებით გამოეყო, შეიმუშავა სქემა, რომლის ფარგლებშიც ათასობით კორპორატიული დოკუმენტი უკანა თარიღებით გააყალბა, ზოგიერთ შემთხვევაში კი – რამდენიმე წლითაც, რის შედეგადაც გაქრა 672 მილიონი დოლარის (508 მილიონი გირვანქა სტერლინგის) აქტივი, მათ შორის სუპერიახტები, სასახლეები და კერძო თვითმფრინავები.

გამოძიება ეყრდნობა გაჟონილ ათასობით დოკუმენტს აბრამოვიჩის ოფშორული კომპანიების ქსელის შესახებ, რომელსაც 1995–2022 წლებში კვიპროსიდან მართავდნენ. ქსელს ლიმასოლის ფირმა MeritServus-ი მართავდა. 2005 წლამდე ის Deloitte-ის საკუთრება იყო, გაყოფის მიუხედავად, ორი კომპანია აბრამოვიჩის თანაშემწეებთან კვლავ თანამშრომლობდა.

სტატიაში მოყვანილია სამი შემთხვევა. მათ შორის, აღნიშნულია, რომ, 2006 წელს კვიპროსში მიღებული ახალი კანონის თანახმად, კომპანიების ანგარიშები საჯარო უნდა გამხდარიყო, რის გამოც აბრამოვიჩის თანაშემწეებმა და აუდიტორულმა კომპანიებმა აქტივების გადამალვის პროცესი დაიწყეს.

აბრამოვიჩის იურისტები უარყოფენ გადასახადებისგან თავის არიდებასა და ქონების დამალვას. მათი თქმით, BBC Panorama-მ ვერ აჩვენა, რომ უშუალოდ აბრამოვიჩმა დოკუმენტების გაყალბების შესახებ იცოდა ან ამის მითითება გასცა. იურისტები ამბობენ, რომ ის კომპანიების ყოველდღიურ მართვაში არ მონაწილეობდა, პროფესიონალ მრჩევლებზე დაყრდნობა კი კანონიერია.

Deloitte Cyprus-მა განაცხადა, რომ კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს. კონკრეტულ ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთა და თქვა, რომ დოკუმენტები 20 წელზე ძველია და აღარ არის ხელმისაწვდომი. MeritServus-ი Cyprus Confidential-ის გამოქვეყნების შემდეგ დაიხურა.

ორი ათწლეულის განმავლობაში რომან აბრამოვიჩი გაერთიანებულ სამეფოში ყველაზე გავლენიანი რუსი ოლიგარქი იყო. 2003 წელს მან საფეხბურთო კლუბი ჩელსი შეიძინა. თუმცა 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბრიტანეთის მთავრობამ რომან აბრამოვიჩი რუსეთის პრეზიდენტთნ, ვლადიმერ პუტინთან კავშირების გამო დაასანქცირა, რამაც კლუბის გაყიდვა აიძულა. ამჟამად აბრამოვიჩი თურქეთში ცხოვრობს.

მსგავსი