ჟურნალისტ ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა
ჟურნალისტ ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა

რუსეთში დაკავებული ჟურნალისტის, ივან გოლუნოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, ჟურნალისტის წინააღმდეგ გამოძიება დანაშაულში მისი მონაწილეობის დაუმტკიცებლობის გამო შეწყდა.

გამომძიებელი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი 6 ივნისს დააკავეს და მოსკოვის რაიონულმა სასამართლოს მიერ შინაპატიმრობა 7 აგვისტომდე ჰქონდა შეფარდებული. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკის გასაღების მცდელობაში ედებოდა ბრალი და 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. თავად ჟურნალისტი, მისი თანამშრომლები და მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ დაკავება პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდა. ივან გოლუნოვი ბოლოს მოსკოვის მერიის დამკრძალავ სამსახურთან დაკავშირებულ კორუფციულ სქემებს იძიებდა.

ბოლო დღეების განმავლობაში, ჟურნალისტის დაკავების წინააღმდეგ  მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში, ასევე საზღვარგარეთ დემონსტრაციები გაიმართა.

12 ივნისს რუსეთის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების პარალელურად, გოლუნოვის მხარდამჭერები საპროტესტო მსვლელობას გეგმავდნენ. ამავე დროს, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტი შესაძლოა, 20 ივნისამდე გაეთავისუფლებიანთ, რათა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ამ დღეს დაგეგმილ მასშტაბურ პრესკონფერენციაზე უსიამოვნო კითხვებისთვის თავი აერიდებინა.